Home / მედიცინა / 2018 წელს 52 ახალი შემთხვევა – აივ/შიდსის სტატისტიკა კვლავ მზარდია

2018 წელს 52 ახალი შემთხვევა – აივ/შიდსის სტატისტიკა კვლავ მზარდია

ავტორი: სალომე ჩადუნელი

წყარო: primetime.ge

2018 წელს აივ ინფექცია/შიდსის უკვე 52 შემთხვევა დაფიქსირდა.

ასევე, შენარჩუნებულია ახლა შემთხვევათა სტაბილურად ზრდის ტენდენცია ბოლო 10 წლის განმავლობაში. დღეში, საშუალოდ, აივ ინფექცია/შიდსის ორი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. დარგის ექსპერტების თქმით, ეს ეპიდემია არ არის, თუმცა ისეთი  პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საგანგაშო მაჩვენებელია. ამას ემატება გამოუვლენელი შემთხვევები და ფაქტი, რომ გამოვლენის ასაკობრივი ჯგუფი ბოლო სამი წლის განმავლობაში გაახალგაზრდავდა.

ამბობენ, რომ ეპიდემიის საფრთხე არ არის, თუმცა  სოციალურ რეკლამებსა და საგანმანათლებლო კამპანიებში ამ სიტყვას მაინც ხშირად იყენებენ. მაგალითად, 1-ელ დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მთავარი მესიჯი ასეთი იყო: „გამოვიკვლიოთ ყველა, ვუმკურნალოთ ყველას, დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში“.  ჩვენც მოვერიდებით შეფასებითი ტერმინების გამოყენებას აივ/შიდსთან მიმართებით, თუმცა გაგაცნობთ სტატისტიკას, რომელიც ყოველთვის სიტყვებზე მეტს ამბობს.

2017 წლის 26 იანვრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 6814 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 5095 მამაკაცია, ხოლო 1719 – ქალი. პაციენტთა  უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 3674  პაციენტს, 1405 გარდაიცვალა.

„3 წლის განმავლობაში გარკვეულწილად გაახალგაზრდავდა და გადმოიწია 18-დან 25 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. დღეში, საშუალოდ, ორი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემია არ არის, მაგრამ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სოლიდურია“, – აცხადებს ექიმი ეპიდემიოლოგი მაია ცინცაძე. ის ასაკობრივი ჯგუფის ცვლილებას მოზარდების მიერ სქესობრივი ცხოვრების იმაზე ადრე დაწყებას უკავშირებს, ვიდრე ამ დრომდე ფიქსირდებოდა.

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ წარმომადგენელი კოკა ლაბარტყავა კი  აივ ინფექცია/შიდსის გამოვლენის ასაკობრივი ჯგუფის გაახალგაზრდავებას საქართველოსი არსებულ ნარკოპოლიტიკას უკავშირებს.

„ასაკობრივი ჯგუფის გაახალგაზრდავების პრობლემა ქვეყანაში არსებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას უკავშირდება. სახელმწიფოს არ აქვს ჩამოყალიბებული კომპლექსური ხედვა და ამ კომპლექსურ ხედვაში ვგულისხმობ, ზუსტადაც განათლების სისტემაში, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ სწავლების ინტეგრირებას, ასევე, ჯანდაცვის სერვისების განვითარებას. თქვენ იცით, რომ ნარკომანია დაავადებაა და ვგულისხმობ კანონის ჰუმანიზაციას მომხმარებლის მიმართ და კანონის გამკაცრებას გამსაღებლების მიმართ“.

შეიცვალა აივ ინფექცია/შიდსის გადაცემის სტატისტიკაც. ბოლო მონაცემებით, აივ ინფექცია/შიდსის 44.6% ჰეტეროსექსუალური კავშირით გადადის, 42.4% ინექციური ნარკომანიით, 10.3%-ის შემთხვევაში გადაცემის წყარო ჰომო და ბისექსუალური კავშირებია.

„წინა წლების სტატისტიკა რომ ავიღოთ, ნარკოტიკების ინექციური მოხმარება დაახლოებით 70%-მდე იყო, დღეისთვის ის 42%-ზეა ჩამოსული. ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ გაიზარდა საგანმანათლებლო მუშაობა, პრევენციული ღონისძიებები, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ზიანის შემცირების ქსელის როლი. სამაგიეროდ ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს ინფექციის სქესობრივი გზით გადაცემასთან. გაიზარდა ჰეტეროსექსუალური გზით ინფიცირების შემთხვევები, ასევე, გაიზარდა ჰომოსექსუალური კავშირით აივ ინფექცია/შიდსის მაჩვენებელი“, – აცხადებს მაია ცინცაძე.

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ წარმომადგენლის კოკა ლაბარტყავას თქმით კი, აივ/შიდსის გაზრდილი სტატისტიკა კონკრეტულ დაწესებულებებში დარღვეულ სტერილიზაციის ნორმებსა და რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას უკავშირდება: „მთავარი წყარო არაკეთილსინდისიერი დაწესებულებებია. მე, რა თქმა უნდა, ყველაზე საუბარი არ მაქვს. ზოგიერთ სტომატოლოგიურ  დაწესებულებაში არ არის დაცული სტერილიზაციის პირობები და შესაბამისად, გავრცელების ალბათობა მაღალია. სალონები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომელიც ართულებს ამ პრევენციული პროგრამების ეფექტურად განხორციელებას და ასევე, უკავშირდება მზარდ მაჩვენებელს. ასეთ დაწესებულებებში მეტი კონტროლი  უნდა იყოს. თვითონ ადამიანებმა  მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ. მხოლოდ ფინანსებს არ უნდა მიაქციონ ყურადღება და ადამიანებზეც იზრუნონ“.

გადაცემის გზებში 0.5% პროცენტი სისხლის გადასხმით ინფიცირებას უკავია. ეს გამოწვეულია ე.წ. ფანჯრის პერიოდით, ანუ პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში მისი აღმოჩენა ანალიზის საშუალებით შეუძლებელია.  ფანჯრის პერიოდში სისხლის გადასხმისგან თავის დაცვის ბერკეტები ჯერჯერობით არ არსებობს,  თუმცა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში აცხადებენ,  რომ პრობლემის მოგვარებაზე ინტენსიურად მუშაობენ.

მთავარ პრობლემად ინფექციის გამოვლენა რჩება. ექსპერტების გათვლებით საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის 40% გამოუვლენელია.

„ექსპერტების პროგნოზით და გათვლებით, სპეციალური პროგრამების გამოყენებით, დღეს საქართველოში დაახლოებით 12 000 მდე აივ ინფიცირებული პაციენტი არსებობს. რომ წარმოვიდგინოთ აისბერგი. მისი ხილული ნაწილი არის გამოვლენილი და უფრო უხილავი არის დამალული. მსოფლიოს სტატისტიკისთვის რომ აიღოთ 6814 გამოვლენილი შემთხვევა ნამდვილად არაფერი არ არის, მაგრამ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია“, – განმარტავს ექიმი ეპიდემიოლოგი მაია ცინცაძე.

აივ ინფექცია/შიდსით ზრდასრულების გარდა, ბავშვებიც არიან რეგისტრირებულები. სულ 105 აივ ინფიცირებული ბავშვია გამოვლენილი. მათი ასაკობრივი კატეგორია 0-დან 14 წლამდეა. მათგან 66 ვაჟია, 39 – გოგონა. 27 გარდაიცვალა, 47 ბავშვი მკურნალობაზე რჩება. 14 წლის ზემოთ 18 წლამდე აივ ინფექცია/შიდსის გამოვლენა არ ფიქსირდება.

„საქართველოში ბავშვთა ინფიცირების გზები ისეთია, რომ 99 შემთხვევაში დედიდან გადადის, ანუ ვერტიკალური გადაცემა ხდება, 4 შემთხვევაში მიზეზი ინფიცირებული  სისხლის გადასხმა იყო და ორ შემთხვევაში ინფიცირების გზა არის დაუდგენელი. მშობლები ჯანმრთელები არიან, ასაკი არ არის ისეთი, რომ ისინი აქტიურ სქესობრივ სიცოცხლეს ეწეოდნენ ან დავუშვათ რაიმე საინექციო ნარკოტიკებთან ჰქონდათ შეხება ამიტომ ამ ორი ბავშვის ინფიცირების მიზეზი უცნობია.  არსებობს სახელმწიფო პროგრამა, დედიდან შვილზე აივ ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკა, რომლის ფარგლებშიც ყველა ორსული ქალი იკვლევა ქალთა კონსულტაციის დროს. ამან განაპირობა, რომ ორსულ ქალებში აივ ინფექციის გამოვლინება გაიზარდა. მათ უტარდებათ პროფილაქტიკური სახის მკურნალობა და დღეს აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვები იბადებიან“, – აცხადებს მაია ცინცაძე.

რაც შეეხება ინფიცირებული ქალების სტატისტიკას, მათი რიცხვი 1719-ია.

„ქალების უმრავლესობა მეუღლისგანაა ინფიცირებული, მეუღლეების უმეტესობა კი ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია. ძალიან ცოტაა იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც ნარკოტიკების ინფექციური გზით მოხმარებით დაინფიცირდნენ და კიდევ უფრო მცირეა ქალების რიცხვი, რომლებიც ჩართულები არიან კომერციულ სექსმუშაობაში. მათ ძალიან კარგად იციან პროფილაქტიკური წესები და ასრულებენ. ალბათ, ამითაა გამოწვეული, რომ მათი რიცხვი არც ისე მაღალია ინფიცირებულ ქალთა შორის“, – ამბობს მაია ცინცაძე.

მზარდი სტატისტიკის ფონზე საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მკურნალობას. ამ მხრივ, საერთაშორისო დონორების როლი საკმაოდ  დიდია. აივ/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში უფასოა. მას საქართველოს მთავრობასთან ერთად გლობალური ფონდი აფინანსებს. საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს, მისი სოციალური სტატუსისა და მოქალაქეობის მიუხედავად, შეუძლია საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში გაიკეთოს ანალიზი უფასოდ. თუ მას აღმოაჩნდა აივ ინფექცია, მას ასევე უფასოდ ჩაუტარდება დამატებითი გამოკვლევები ჰეპატიტებზე, სხვადასხვა დაავადებასა და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. სწორედ ამის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს. აივ/შიდსის სამკურნალო წამლებს პაციენტები შიდსის ცენტრში თვეში ერთხელ უფასოდ იღებენ. ისინი, ასევე, უფასოდ იტარებენ საჭირო გამოკვლევებს 4-5 თვეში ერთხელ.

აივ ინფექცია/შიდსი არ იკურნება, თუმცა იმართება. სწორი მედიკამენტური მკურნალობით შედეგი მიიღწევა და ვირუსი ნულამდე მცირდება.

„იმ პაციენტების 90%-ში, ვინც მკურნალობს, ვირუსი უნდა განულდეს. დღესდღეობით შიდსისგან განკურნება არ ხდება. ეს არის ქრონიკული, მართვადი ინფექცია. პაციენტები მთელი სიცოცხლის განმავლობაში პრეპარატებს იღებენ. თუკი ვირუსი განულებულია, ის ინფექციის წყაროს აღარ წარმოადგენს და ნელ-ნელა მივალთ ეპიდემიის დამარცხებისკენ“, – აცხადებს მაია ცინცაძე.

თუ მკურნალობა შეწყდება და პაციენტი არ დალევს ექიმის მიერ დანიშნულ წამალს, ვირუსი ძვლის ტვინიდან გაძლიერებულად იწყებს გამრავლებას და ხდება მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული, რაც შეიძლება ცუდი შედეგით დასრულდეს. სწორედ ამიტომ, აივ ინფიცირებულთათვის მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების შესრულება – ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული შემოწმება და წამლის განსაზღვრულ დროს მიღება.

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ წარმომადგენლის კოკა ლაბარტყავას თქმით კი, იმ სერვისებს, რომელიც ვირუსის მატარებლებს მიეწოდებათ, შეწყვეტა ემუქრება, რადგან გლობალური ფონდი ქვეყნის ბაზრიდან გადის.

„გლობალური ფონდი დაახლოებით ორ-სამ წელიწადში გადის ქვეყნიდან. სახელმწიფოს დეკლარირებული არ აქვს, შიდსის  მკურნალობის პროგრამები დაფინანსებული იქნება თუ არა, რას იზამს სახელმწიფო? აიღებს თუ არა თავის თავზე ვალდებულებას? ჯერ ოფიციალური განცხადებები არ ისმის და ჯერ კითხვის ნიშნებს ვსვამთ, ამ პროგრამების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით“, – ამბობს კოკა ლაბარტყავა.

ამ პრობლემას ემატება ის სტიგმა, რომელიც საზოგადოებაში აივ ინფექცია/შიდსთან დაკავშირებით არსებობს. სტიგმის პრობლემა სამედიცინო სფეროშიცაა.

მაია ცინცაძის თქმით, ექიმები ვირუსის მატარებლებისთვის ოპერაციის გაკეთებაზე ხშირად უარს ამბობენ.

„არა მარტო საზოგადოებაში, არამედ სტიგმა სამედიცინო პერსონალშიცაა. რომ გაიგებენ, ადამიანი ინფიცირებულია, არ უნდათ, სამედიცინო მომსახურება ჩაუტარონ. მე ზოგიერთ ქირურგს მადლობას ვუხდი, რომ ოპერაციას აკეთებენ. მე ყოველთვის ვეუბნები პაციენტებს, თუ ვინმე ექიმი იტყვის უარს, რომ მე არ გავაკეთებ  მანიპულაციას, უნდა წამოხვიდე ისეთი სამედიცინო დაწესებულებიდან, იმიტომ რომ ეს სამედიცინო დაწესებულება არ ვარგა, პროფილაქტიკის – უსაფრთხოების თვალსაზრისით, ალბათ, მოწესრიგებული არ არის უსაფრთხოება: სტერილიზაცია დეზინფექცია… სხვა რა ვიფიქრო“, – ამბობს მაია ცინცაძე.

დღეს შიდსის ეპიდემიის დაძლევის ყველაზე პერსპექტიული გზა ე.წ. მკურნალობაა პრევენციისთვის. შიდსის ცენტრმა და საქართველოს შიდსის ასოციაციამ ოფიციალურად წარადგინეს ინიციატივა, დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში. ინიციატივა ითვალისწინებს ეპიდემიის სრულ დამარცხებას UNAIDS-ის (გაერთიანებული ერების აივ/შიდსის ერთობლივი პროგრამა) 90-90-90 მიზნების შესრულების გზით. 90-90-90 გულისხმობს 2020 წლისთვის აივ/შიდსით ინფიცირებულების 90%-ით გამოვლებას, 90%-ის მკურნალობას და მკურნალობაზე მყოფი ინფიცირებულების 90%-ში ინფექციის ნულამდე შემცირებას, ანუ განკურნებას.

Check Also

შიდსის მკურნალობა მალე შესაძლებელი იქნება?

როგორც The Guardian იტყობინება, ბრიტანელი მკვლევარები ადამიანი იმუნოდეფიციტის ვირუსისგან (აივ/შიდსი) განკურნებას მიუახლოვდნენ. ამის თქმის საშუალებას …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *