Home / ჯანმრთელობა / ანტირეტროვირუსული პრეპარატებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები და მათი კონტროლი

ანტირეტროვირუსული პრეპარატებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები და მათი კონტროლი

ძლიერი ანტირეტროვირუსული მედიკამენტების დახმარებით აივ ინფექციამ დღეს ქრონიკული დაავადების სახე მიიღო და იგი არ კლავს. მიუხედავად ამისა, ბევრი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება აივ-ის დასათრგუნად, გამოირჩევა შემაწუხებელი გვერდითი მოვლენებით. გულის რევის შეგრძნება და პირღებინება, რომელიც დაკავშირებულია ამ მედიკამენტების მიღებასთან, ხშირად ხელს უშლის მკაცრი თერაპიული რეჟიმის დაცვას პაციენტებში. ეს აისახება მათი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზეც. ამ სტატიაში განხილულია ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით გამოწვეული გულის რევის შეგრძნებების მექანიზმი, მისი განხილვა და კონტროლის საშუალებები.

აივ დაავადების პროცესი და მისი კლინიკური კონტროლის მექანიზმი, ბოლო 15 წლის მანძილზე უაღრესად შეიცვალა. ოთხმოცდაათიან წლებში დაწყებული ძლიერი ანტირეტროვირუსული აგენტებით ჩატარებული თერაპიის (HAART)  დახმარებით სიკვდილიანობის დონემ და მასთან ერთად შიდსთან დაკავშირებულმა დაავადებებმა საგრძნობლად იკლო. დღეს აივი განეკუთვნება ქრონიკული და კონტროლირებადი დაავადებების სია; თუმცაღა, არიან პაციენტებიც, ვისთვისაც მსგავსი თერაპიის კურსი ნაკლებად ეფექტურია რიგი მიზეზების გამო. ეს შეიძლება იყოს დაგვიანებული დიაგნოსტიკა, როცა იმუნური სისტემა უკვე ძალიან დაქვეითებულია (სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სექსუალურად აქტიურმა პიროვნებებმა ჩაიტარონ სისტემატიური ტესტირება აივ-ზე), დანიშნული თერაპიის არ-დაცვა (პაციენტმა არ უნდა შეწყვიტოს მედიკამენტების მიღება და დაიცვას ექიმის მიერ დანიშნული რეჟიმი), ვირუსის მდგრადობა დანიშნული მედიკამენტების მიმართ და თერაპიით გამოწვეული გაუსაძლისი გვერდითი მოვლენები.

ანტირეტროვირუსული აგენტებით ჩატარებული თერაპია ხშირად იწვევს გულისრევასა და პირღებინებას. თუმცა, თუ ადრე ეს გამოწვეული იყო დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე აღმოცენებული ისეთი ოპორტუნისტული ინფექციებით, როგორიცაა Toxoplasma gondii, cryptococcal meningitis და საყლაპავი მილის კანდიდოზი, დღეს, თერაპიით გაძლიერებული იმუნიტეტის ფონზე, გულისრევის შეგრძნება მხოლოდ ძლიერი მედიკამენტების გვერდითი მოვლენაა. იგი აგრეთვე შეიძლება იყო გამოწვეული სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედებით, გასტროფილოზით და დასუსტებული იმუნიტეტის შემთხვევაში – ოპორტუნისტული ინფექციებით, ანუ იმ ინფექციები, რომლებიც მაშინ აქტიურდებიან, როცა ადამიანი იმუნიტეტი დასუსტებულია.

თითქმის ყველა მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ, იწვევს გულის რევის შეგრძნებას და პირღებინებას. გამონაკლისია Enfuvirtide (ინჰიბიტორი), რომლის მიღებაც კანქვეშა ინიექციით (ნემსით) ხდება.

კვლევებმა აჩვენა,  დღეისათვის გულისრევის შეგრძნება აღენიშნებათ პაციენტების 42-57 პროცენტს, ხოლო პირღებინება 28-32-ს.

დღეისთვის, გულისრევა და პირღებინება ყველაზე ხშირად მოიხსენიება ჩივილებს ჩორის, რის გამოც პაციენტები ან ვერ ახერხებენ მკაცრად დაიცვან დანიშნული რეჟიმი, ან საერთოდ უარს აცხადებენ თერაპიის გაგრძელებაზე.

გულისრევის შეგრძნებასა და პირღებინებასთან ასოცირებული მექანიზმები

გულისრევა/პირღებინება (გ/პ) შეიძლება განპირობებული იყოს 1 ან რამდენიმე მიზეზით ერთად.

  1. მედიკამენტებით გამოწვეული.

თუ ადრე გ/პ-ს ყველაზე ხშირად გამომწვევი მიზეზი ოპორტუნისტული ინფექციები იყო,  დღეს ეს მედიკამენტებია. ანტრირეტროვირუსული პრეპარატებით გამოწვეული გულის რევის შეგრძნებები და პირღებინება მკურნალობის დაწყების პირველ დღეებში იჩენს თავს და ჩვეულებრივ, რამდენიმე დღე, ან კვირა გრძელდება. დროთა განმავლობაში სიმფტომები ნელ-ნელა მსუბუქდება, თუმცა იშვიათ შემთხვევაში გულისრევის შეგრძნება ქრონიკულ მდგომარეობაშიც შეიძლება გადავიდეს. (იგულისხმება, თუ გ/პ 1 თვეზე დიდხანს გრძელდება). თუ გ/პ გამოწვეულია მედიკამენტებით, პაციენტებს შეუძლიათ სიმპტომების შემსუბუქება მედიკამენტის დოზების შემცირებით, ან გამოტოვებით (ჩაგდებით).  ამ შემთხვევაში აუცილებელია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, რადგან ასეთი პრაქტიკა რეკომენდირებული არაა!

კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით კი გულისრევის შეგრძნება ხშირად დაკავშირებულია მკურნალობის რეჟიმის დარღვევასთან და/ან მის ნაადრევ შეწყვეტასთანაც. აღსანიშნავია, რომ რეჟიმის არევა შეიძლება გახდეს წარუმატებელი თერაპიის მიზეზიც! გამოიწვიოს ვირუსის მუტაცია, ხელახალი გამრავლება და  გახადოს იგი რეზისტენტული მთელი რიგი ანტირეტროვირუსული პრეპარატების მიმართ.

გულისრევის შეგრძნება და პირღებინება არა მხოლოდ შემაწუხებელია პაციენტისთვის, არამედ შეიძლება გახდეს ისეთი მძიმე ან ქრონიკული მდგომარეობის გამომწვევი, როგორიცაა: საკვების უკმარისობა (როცა ოგანიზმი ვეღარ იღებს საჭირო რაოდენობით სასარგებლო საკვებს), გაუწყლოება (როცა ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს), ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა, წონაში კლება, საყლაპავი მილის დაზიანება, ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი გაუარესება.

იმის გამო, რომ დღეს უკვე აივ პაციენტები  სიბერემდე ცოცხლობენ, აქტუალურია ტიპიური ასაკობრივი დაავადებების გათვალისწინებაც.  მიუხედავად იმისა, რომ  მათი კონტროლი შესაძლებელია დამატებითი მედიკამენტების საშუალებით, არსებობს იმის თეორიული ვარაუდი, რომ  პოლიპრაგმაზიის (ბევრი მედიკამენტის ერთდროულად მიღების) დროს გვედითმა მოვლენებმაც შეიძლება იმატოს, რაც უფრო მეტად შემაწუხებელი იქნება პაციენტისთვის.

გულისრევას იწვევს თითქმის ყველა აივ-ის სამკურნალო აგენტი.  ნუკლეოზიდური ინჰიბიტორების უმეტესობას (NRTI), არა-ნუკლეოზიდურ ინჰიბიტორებს (NNRTI) და პროტეოლიზურ ინჰიბიტორებს (PI) – აქვთ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები – გულისრევის შეგრძნება, პირღებინება და ფაღარათი. აღსანიშნავია მედიკამენტები Zidovudine და Didanosine, რომლის გამოყენებისასაც განსაკუთრებით დიდია გვერდითი მოვლენების პროცენტული მაჩვენებელი. Didanosine დღეს უკვე ძალიან იშვიათად გამოიყენება, სხვა მწვავედ გამოხატული გვერდითი მოვლენების გამოც (Food & Drug Administration, 2010).

პროტეოლიზური ინჰიბიტორებიც აგრეთვე ცნობილია თავიანთი გვერდითი მოვლენებით. მედიკამენტები Ritonavi და Duranavir – გამოირჩევიან გვერდითი მოვლენების მაღალი მაჩვენებლებით; პაციენტების დაახლოებით 20% უჩივის გ/პ-ს.

კომბინირებული, ფიქსირებული დოზის ტაბლეტებსაც, როგორიცაა: Lopinavir/Ritonavir, Zidovudine/Lamivudine და Tenofovir/Lamivudine/Abacavir  საკმაოდ ხშირად თან ახლავს გ/პ. მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდითი მოვლენები თავს იჩენს მხოლოდ მკურნალობის დასაწყისში, იშვიათ შემთხვევებში ის შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს.

ანტირეტროვირუსული პრეპარატებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები, მათ შორის გ/პ-ც, შეიძლება საშიში იყოს პაციენტის ჯანმრთელობისთვის, ამიტომ სასწრაფო სამედიცინო ყურადღებას საჭიროებს. პაციენტების 3-8%-ს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა ნუკლეოზიდური ინჰიბიტორის – Abacavir-ის მიმართ. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს თერაპიის დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში, თუმცა, როგორც წესი ეს სიმპტომები პირველ ექვს კვირაში იჩენს თავს. ეს შეიძლება იყოს გულის რევის შეგრძნება, პირღებინება, ციებცხელება, შემცივნება, დაღლილობა, გამონაყარი კანზე, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, მიალგია (კუნთების ტკივილი), ფარინგიტი (ყელის ტკივილი), ქოშინი და ხველა. თუ დროულად არ მოხდა Abacavir-ის რექაციის აღმოჩენა და გაკონტროლება, შედეგი შეიძლება სავალალოც იყოს. Abacavir-ის დანიშვნამდე რეკომენდირებულია HLA-B*5071 გენეტიკური ტესტის ჩატარება, რათა პაციენტებში გამოირიცხოს ჰიპერმგრძნობელობა და მასთან დაკავშირებული რისკები. პაციენტებს, რომლებსაც Abacavir უნდა დაენიშნოთ, აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ წინასწარი ტრეინინგი ჰიპერმგრძნობელობასთან და ამ პრეპარატთან დაკავშირებულ გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით.

არა-ნუკლეოზიდურმა ინჰიბიტორებმა (NNRTI) Nevirapine და Efavirenz (უფრო ნაკლებად), შეიძლება გამოიწვიოს ღვიძის მოწამვლა. სიმპტომები შეიძლება მკურნალობის დაწყებიდან 6 კვირაში გამოვლინდეს. თუმცა არის შემთხვევებიც, როცა იგი გაცილებით გვიან ვლინდება. ღვიძლის მოწამვლა შეიძლება სიმპტომების გარეშეც განვითარდეს. გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს: გ/პ, ციებცხელება, შეუძლოდ ყოფნა, გამონაყარი, ლიმფადენოპათია (ლიმფური კვანძების გადიდება), სახის და ყელის არეში შესიება; თუ გამოვლინდა სიყვითლე ან ღვიძლის გადიდება, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

ნუკლეოზიდურმა ინჰიბიტორებმა, ყველაზე ხშირად კი Zidovudine, Stavudine და Didanosine, შეიძლება დაარღვიონ ნორმალური მიტოქონდრიული ფუნქცია. რაც იწვევს ჰიპერლაქტამიას (რძემჟავის დონის მომატებას სისხლში). ეს მდგომარეობა (ლაქტატაციდოზი) სიცოცლისთვის სახიფათოა და სასწრაფო, გადაუდებელ ყურადღებას და რეაგირებას საჭიროებს.

NRTI-ს უკავშირებენ კუჭქვეშა ჯირკვალის ანთებასაც. განსაკუთრებით Didanosine, თუ იგი დანიშნულია შემდეგ პრეპარატებთან ერთად Stavudine, Tenofovir, ან Ribavirin. დღეისთვის Didanosine და Stavudine-ის ერთად მიღება რეკომენდირებული არაა, მაღალი ტოქსიკურობის გამო.

  1. ქემორეცეპტორული ზონის აქტივაცია

ქიმიურ გამღიზიანებელზე მოპასუხე რეცეპტორი მდებარეობს მეოთხე პარკუჭის   სისხლძარღვებით უაღრესად მდიდარ მონაკვეთში. იგი არ არის დაცული ჰემატოენცეფალური  ბარიერის მიერ. იგი აქტიურდება სისხლში ან ზურგის ტვინის სითხეში არსებული ემეტოგენური (რებინების გამომწვევი) ქიმიკატებით. ღებინების ცენტრის აქტივაცია ქემორეცეპტორის გავლით, გულის რევის და ღებინების გამოწვევის ძირითადი მიზეზია.

ქემორეცეპტორი აგრეთვე პასუხობს სისხლში წარმოქმნილ სტიმულატორებს, როგორიცაა აპომორფინი, დიგოქსინი, ანესთეტიკები, ალკოჰოლი, ოპოიდები (მაგ. მორფი) და ქიმიოტერაპიული აგენტები. კუჭნაწლავის ტრაქტის რეცეპტორები საპასუხოდ ააქტიურებენ მოხეტიალე ნერვს, რომელიც ებრძვის ისეთ ქიმიურ სტიმულატორებს, როგორიცაა: ტოქსინები, ქიმიოტერაპიული აგენტები, მჟავები, ამინო მჭავები და ნეირომედიატორები.

ზოგიერთი მედიკამენტი, სავარაუდოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების ფონზე, იწვევს კუჭნაწლავის ტრაქტის მიერ დოფამინის ან სეროტონინის გამოყოფას. ეს კი ააქტიურებს მოხეტიალე ნერვს და შედეგად იწვევს გულისრევის შეგრძნებას.

ამ შემთხვევაში ეფექტურია ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღება, რომელიც ბლოკავს სეროტონინის გამოყოფას ორგანიზმში.

  1. სენსორული მექანიზმი

ფსიქოლოგიური სტიმულაცია – შიში, განწყობა, ცუდის მოლოდინი – პირდაპირ უკავშირდება ტვინის ზედა ცენტრს და ააქტიურებს გულის რევის შეგრძნებას.

მოლოდინით გამოწვეული გულისრევის შეგრძნება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ქიმიოთერაპიის შემდეგ მოელოდნენ დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებას. რეს შემდეგაც მათ გულის რევის შეგრძნება დაეწყოთ.

გულისრევის შეგრძნება შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა სენსორული ფაქტორებითაც: ვიზუალური, ყნოსვითი, გემოსთან დაკავშირებული, ტკივილით გამოწვეული.

 

პაციენტის კლინიკური შეფასება

გულის რევის შეგრძნება და პირღებინება საკმაოდ ბევრი ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული. მათ შორის, ყველაზე გავრცელებული ორგანიზმის ნორმლური დამცავი რეაქცია წამლის სახით მიღებულ ტოქსინზე. ორგანიზმის ცდილობს მოიშოროს ეს ტოქსინი და იწვევს გულის რევას. საქმე შეიძლება გვქონდეს უფრო სერიოზულ შემთხვევასთან, როცა პროცესში ჩართულია ვისცერული (მუცლის ღრუს) ორგანოები და ცენტრალური ნერვული სისტემა.

ზუსტი დიაგნოზის დასმა შესაძლებელია პაციენტის სამედიცინო ისტორიის შესწავლით და მისი ფიზიკური გამოკვლევით. სასურველია ჩატარდეს საჭირო ანალიზებიც ზუსტი მიზეზების დასადგენად.

აივ მკურნალობით გამოწვეული გ/პ-ს მიზეზები შეიძლება იყოს: მიღებული პრეპარატის გვერდითი მოვლენები ან ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატზე,  გასტროპარეზი (გაუვალობა), დაზიანებული ცენტრალური ნერვული სისტემა, კუჭ-ნაწლავის ციტომეგალოვირუსი, მიკობაქტერია avium-M, უჯრედშორისი რომელიც ზემოქმედებს ნაწლავზე ან ღვიძლზე, ორალური ჰეპატიტი ან გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება

აივ პაციენტებს ხშირად უვითარდებათ ლიპოდისტორფია, რაც თავისთავად იწვევს რეზისტენტულობას ინსულინის მიმართ და გლუკოზის ამტანიანობის დაქვეითებას. ეს კი გამოიხატება გულის რევის შეგრძნებით და პირღებინებით.

გ/პ შეიძლება საერთოდ არც იყოს კავშირში აივ-თან და პაციენტს ქონდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.

ფიზიკური გასინჯვა

პაციენტის ფიზიკური დათვალიერება ტარდება სტანდარტულად. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს შემდეგი ნიშნები: ჩავარდნილი თვალები, უძლურობა, სიფერმკრთალე, ძლიერი ღებინება, სისხლი ღებინებისას, მძიმე და ხანგრძლივი მუცლის ტკივილი ან შებერილობა, მაღალი ან მუდმივი ცხელება, თავის ტკივილი, ბოლოს მიღებული ტრავმა, დიაბეტი, თავბრუსხვევა, ან სიყვითლე.

ნიშნები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ და დროული მიმართვას:  როცა ხელით შეინიშნება რაიმე მასა მუცელში,  პათოლოგიური  ხმები მუცლის არედან, და შეფერხებული კუჭ-ნაწლავის მოქმედება.

არანორმალური საყურადღებო ნიშნები, როგორიცაა ცხელება, შეიძლება მიუთითებდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციაზე, ვირუსულ გასტროენტერიტზე ან მწვავე ჰეპატიტზე.

ტაქიკარდია ან ჰიპოტენზია შეიძლება მიუთითებდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციაზე, გაუწყლოებაზე, ანემიაზე ან სხვა პრობლემაზე.

დიაგნოსტიკური ტესტირება

ყოველი კლინიკური და ფიზიკური გასინჯვის შემდეგ უნდა ჩატარდეს დიაგნოსტიკური ტესტირება. ლაბორატორიული ტესტები, საჭიროების შემთხვევაში უნდა მოიცავდეს სისხლის საერთო ანალიზის / სისხლის უჯრედების დათვლას, მეტაბოლურ პანელს, ელექტროლიტების ბალანსი დადგენას, ღვიძლის ფუნქციის შემოწმებას, კრეატინინის, ამილაზებს და ლიპაზებს, რძემჯავის რაოდენობის განსაზღვრას სისხლში, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტებს.

კუჭ-ნაწლავის ან ცენტრალური ნერვული სისტემის ვიზუალიზაციის კვლევები შეიძლება ჩატარდეს, თუ, მაგალითად, მუცელში უცხო მასებზე ან ობსტრაქციაზეა ეჭვი . ენდოსკოპია ბიოფსიით შეიძლება ჩატარდეს თუ შეინიშნება წყლული, რეფლუქსური დაავადება, ან კანდიდოზი. კუჭის დაცლის ტესტირება შეიძლება ჩატარდეს თუ ეჭვია გაუვალობაზე .

აივ პრეპარატებით გამოწვეული გ/პ სიმპტომების კონტროლი

უპირველეს ყოვლისა უნდა დადგინდეს დაავადების ეტიოლოგია და სიმპტომების გამომწვევი მიზეზ(ებ)ი და შესაბამისად დაინიშნოს თერაპია. თუმცა, გ/პ-ს გამომწვევი მიზეზების დადგენამდეც პაციენტს შეუძლია და რეკომენდირებულიცაა, მიიღოს უბრალო გულის რევის საწინააღმდეგო პრეპარატები. (დოპოკრინი, ვომილ სტოპი, კოჭას ექსტრაქტი ან ჩაი. თუმცა არა დრამინა, რომლის მოქმედების მექანიზმი განსხვავებულია.)

ძლიერი გ/პ-ით გამოწვეული შედეგების კონროლი

თუ გულისრევას და პირღებინებას სხვა სერიოზული ნიშნები ახლავს, აუცილებელია გადაუდებელი და ინტენსიური სამედიცინო დახმარება. თუ პაციენტს ძლიერი პირღებინების შედეგად აღენიშნება გაუწყლოება, ელექტროლიტური დისბალანსი, კუჭში გაუვალობა და სხვა საშიში ნიშნები, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

მსუბუქი და საშუალო სიმპტომების შემთხვევაში, პაციენტს დამოუკიდებლად შეუძლია ჩაიტაროს მკურნალობა. მაგრამ იგი გაფრთხილებული უნდა იყოს, როგორ მიხვდეს საშიშ ნიშნებს და როგორ აკონტროლოს გაუწყლოვნების დონე.

მედიკამენტების მიღების შეწყვეტა

თუ დადგინდება კონკრეტული პრეპარატი, რომელიც იწვევს ძლიერ გვერდით მოვლენებს, შესაძლებელია მისი ჩანაცვლება ნაკლება ტოქსიკური მედიკამენტით (თუ ასეთი არსებობს). მთავარია პაციენტის ჯანმრთელობას ამით ზიანი არ მიადგეს და არ დაირღვეს სამკურნალო კურსი . მედიკამენტური მკურნალობის შეწყვეტა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა მისი გვერდითი მოვლენები გაუსაძლისია და ამ შემთხეხაშიც უნდა შეირჩეს მკურნალობის გაგრძელების ალტერნატიული რეჟიმი.  კლინიკამ და პაციენტმა ერთად უნდა განსაზღვრონ მკურნალობის რეჟიმის ცვლილების რისკი და სარგებელი.

ანტირეტროვირუსული მკურნალობის დასაწყისში თითქმის ყველა პაციენტს აქვს გვერდითი მოვლენები, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდება და დროთა განმავლობაში კლებულობს. მკურნალობის რეჟიმის უკეთესად დასაცავად შეიძლება მოხდეს პრეპარატის ჩანაცვლება სხვა აგენტით, რომელსაც პაციენტი უკეთესად აიტანს. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს პაციენტის მონიტორინგი, ახალი მედიკამენტის უკეთეს ამტანობაზე და ჰიპერმგრძნობელობის ნიშნებზე.

პაციენტები, რომლებიც იწყებენ ახალ რეტროვირუსულ მკურნალობას, უკეთესად უნდა იყვნენ ინფორმირებული შესაძლო გვერდითი მოვლენების და საშიში ნიშნების შესახებ. აგრეთვე, იმის შესახებ თუ როგორ მოიქცნენ და მიხედონ თავს მათი აღმოჩენის შემთხვევაში. ასეთი პაციენტები თავს უფრო მომზადებულად გრძნობენ და უკეთ უმკლავდებიან გვერდით მოვლენებს, როდესაც ისინი იჩენენ თავს. მოულოდნელად გამოჩენილი გვერდითი მოვლენები კი იწვევას მათი ხასიათის გაფუჭებას, სტრესს და გაღიზიანებას. ეს კი ზოგადად ცუდად აისახება მათი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.

ფარმაკოლოგიური თერაპია

დამხმარე ფარმაკოლოგიური საშუალებები ხელს უწყობს პაციენტს უმტკივნეულოდ განაგრძოს მკურნალობა, შემაწუხებელი გვერდითი მოვლენების გარეშე. იმის გამო, რომ გულისრევა შეიძლება იყოს გამოწვეული სხვა-და-სხვა ფაქტორით (კუჭნაწლავის ან ქემორეცეპტორის დონეზე), კონკრეტულად ერთი დამხმარე პრეპარატის არჩევა რთულია. პაციენტმა უნდა სცადოს და შეარჩიოს ის პრეპარატი, რომელიც ყველაზე კარდად მოქმედებს მასზე.

გ/პ-ს სამკურნალოდ გამოიყენება ღებინების საწინააღმდეგო და პროკინეტიკული აგენტები. ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები შედგება მრავალი კლასის პრეპარატისგან: პრეპარატები რომლებიც ბლოკავენ დოფამინის რეცეპტორებს, ხელს უშლიან სეროტონინის გამოყოფას, ფენოტიაზინები, ანტიჰისტამინები, კორტიკოსტეროიდები, ბენზოდიაზეპამინები და ა.შ

დოფამინის ანტოგონისტი – მეტოკლოპრამიდი, მოქმედებს როგორც ცენტრალურად ასევე პერიფერიულად და აქვს ღებინების საწინააღმდეგო და პროკინეტიკური თვისებები. მისი ხშირი მიღება რეკომენდირებული არაა, ხშირი გვერდითი მოვლენების გამო. სეროტონინის ანტოგონისტები მოქმედებს, როგორც ცენტრალურად ასევე პერიფერიულად, რადგან მისი რეცეპტორები განთავსებულია როგორც პოსტრემაში (ტვინის იმ მონაკვეთში, რომელიც პასუხს აგებს პირღებინებაზე) აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

ონდანსეტრონი, გრანისეტრონი და ტროპისეტრონი  იგივე კლასის აგენტებია და როგორც წესი, კარგად გადაიტანება.

დამხმარე და არაფარმაკოლოგიური თერაპია

ზოგადად, თუ ძალიან აუცილებელი არაა, არარეკომენდირებულია პაციენეტისთვის დამატებითი მედიკამენტების დანიშვნა. ეს ზედმეტ ტვირთად აწვება პაციენტის ორგანიზმს. ყოველთვის ჯობია დამხმარე, არაფარმაკოლოგიური საშუალებების გამოყენება. ამ შემთხვევაში ანტირეტროვირუსული მკურნალობის რეჟიმი შეუფერხლებლად და პაციენტისთვის უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.

კვების რაციონის მოდიფიკაცია. ხშირი და ცოტ-ცოტა კვება, საკმაოდ ეფექტურია გულისრევის სიმფტომების პროფილაქტიკისათვის.

ჩატარებული კვლევების თანახმად კოჭა (კოჭას ექსტრაქტი) ძალიან ეფექტური აღმოჩნდა გულისრევის საწინააღმდეგოდ. იგი მისაღებადაც საკმაოდ მარტივია ჩაის ან ნაყენის სახით. აგრეთვე კაფსულების სახით.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ აივ პაციენტები ხშირად განიცდიან გულისრევას და პირღებინებას, ამ გვერდითი მოვლენების შესახებ ხშირად არ საუბრობენ და კლინიკურ პრაქტიკაში მას საკმარისი ყურადღება არ ექცევა. ამ სიმფტომების კონტროლი და პაციენტის სათანადოდ ინრფორმირება აუცილებელია. ეს სიმფტომები შეიძლება ნებისმიერ პაციენტს გამოუვლინდეს მკურნალობის პერიოდში და მას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს. პაციენტებს გულისრევის შეგრძნება და პირღებინება ძირითადად აღენიშნებათ მკურნალობის დაწყებიდან და 2 კვირის განმავლობაში. სამწუხაროდ, სწორდ ამ დროს ხდება თვითმკურნალობით გამოწვეული გამოუსწორებადი შეცდომები, როცა პაციენტები ამცირებენ/ აგდებენ წამლის დოზას. ეს კი შეიძლება წარუმატებელი თერაპიის მიზეზი გახდეს და უფრო მეტიც – ვირუსი გახდეს გამძლე ამ ტიპის პრეპარატების მთელი კლასის მიმართ.  ამის გამო შემდეგში ვერ მოხდება მისი მკურნალობა. ამის თავიდან ასაცილებლად კლინიკებში თავიდანვე უნდა მიექცეს სათანადო ყურადღება პაციენტების ინფორმირებას აივ-ით გამოწვეული გ/პ-ს სიმფტომების შესახებ და უნდა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები ამ სიმფტომების დასაწყისშივე აღსაკვეთად.

მნიშვვნელოვანია მკურნალმა ექიმმა სწორად გაიგოს პაციენტის სურვილი და შესაძლებლობები, მათი გვერდითი მოვლენების საკონტროლოდ. მაგალითად, შეუძლიათ თუ არა მათ შეცვალონ კვებითი რაციონი (დიეტა), ან ხომ არ ურჩევნიათ პრობლემა მოაგვარონ ფარმაკოლოგიური საშუალებით. კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტები, რომლებიც მკურნალობის დაწყებამდე კარგად იყვნენ ინფორმირებული გვერდითი მოვლენების შესახებ, უკეთ მომზადებული შეხვდნენ და გაუმკლავდნენ არასასურველ სიმფტომებს. მოულოდნელი გვერდითი მოვლენები კი ხშირად იყო პაციენტების გაღიზიანების მიზეზი.

პაციენტების ინფორმირება შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ არა მარტო ხელს უწყობს მათ უკეთ მიხედონ თავიანთ თავს დამოუკიდებლად, არამედ დროულადაც შეატყობინონ ექიმს საშიში ნიშნების შესახებ თუ ასეთი გამოვლინდა.

About admin

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *